None

გამყიდველის დღიურები

  • 04 აგვ 2021

პირველი სამსახური

,,გამარჯობა, ნიკოლოზს ვესაუბრები? – გაისმა ტელეფონიდან გოგონას ხმა.

,,დიახ, ნიკა ვარ?“ ვუპასუხე და გულისცემამ მოიმატა, ვიგრძენი რომ კომპანიიდან მიკავშირდებოდნენ, როგორც სამსახურის მაძიებელს.

,, ნიკოლოზ, შეგიძლიათ რომ ხვალ, სამ საათზე, მობრძანდეთ ჩვენს სათავო ოფისში ტესტირებაზე?“ – გაისმა გოგონას თავდაჯერებული ხმა და როგორცკი დავთანხმდი ყურმილი დაკიდა.

,,ვინ იყო?’’ – მკითხა სამზარეულოში დაბრუნებულს ნინომ, ჩემმა მეუღლემ.

,, გასაუბრებაზე დამიბარეს სადაზღვევოდან“ – ვუპასუხე ცოტათი შეცბუნებულმა, რადგანაც სადაზღვევოში მეუღლის რეზიუმე მქონდა გაგზავნილი და წარმოდგენა არ მქონდა მე რატომ დამირეკეს. ალბათ შეცდომით ჩემი მონაცემები გავუშვი სადაზღვევოში ჩემი მეუღლის მონაცემების მაგივრად.

,, შენ რატომ დაგირეკეს?“ მოიწყინა ნინომ და მე არ ვიცოდი რა მეპასუხა.

ტელეფონის ზარის ხმა კვლავ გაისმა.

,,გამარჯობა, თუ შეიძლება ნინოს სთხოვეთ“ – გავოცდი, რადგანაც გოგონას ხმა მეცნო, ეს იგივე გოგონა იყო რომელმაც წეღან ტესტირებაზე დამიბარა. ზაფხულის სიცხეს და ჰალუცინაციებს დავაბრალე ეს ყველაფერი და ჩემს მეუღლეს დავუძახე რომ ყურმილი აეღო.

ტელეფონზე საუბრის შემდეგ ნინო სამზარეულოში გაოცებული და გახარებული დაბრუნდა. ისიც ტესტირებაზე დაიბარეს, ოღონდ ოთხ საათზე. ტესტირებაზე ორივე ერთ დროს მივედით და წამოსვლისას ერთმანეთს ვუზიარებდით ემოციებს. ახალი შეუღლებულები ვიყავით და თანაც ბაკალავრიატი ერთი კვირის დამთავრებული გვქონდა. ყველაფერი გვიხაროდა. 

ორი დღის მერე კვლავ გაისმა ტელეფონის ზარი, გვაცნობეს რომ ტესტირება წარმატებით გავიარეთ და გასაუბრებაზე გვიბარებდნენ. კიდევ უფრო ავნერვიულდით. ძალიან გვინდოდა მუშაობა. ძალიან გვჭირდებოდა ორივეს რათა ჩვენი ახლადშექმნილი ოჯახი გვერჩინა. გასაუბრებამაც წარმატებით ჩაიარა და იმ დღესვე გვითხრეს რომ ორივე აგვიყვანეს სამსახურში. გაყიდვების აგენტებად. ოღონდ სხვადასხვა ფილიალში გადაგვანაწილეს.

გასაუბრებიდან გამოსვლისას, სამების ტაძარს შევხედეთ მადლიერი თვალებით.

,,რა მაგარია, ხვალიდან რომ ორივე ვმუშაობთ, ჩვენი ფული გვექნება“  – თქვა ჩემმა მეუღლემ და თან ხელი კარგად ჩამჭიდა, თითქოს არ ჯეროდა რომ ორივემ დავიწყეთ სამსახური და თანაც ერთ დღეს.

,,ისე რა უნდა გავყიდოთ? “ – მკითხა ნინომ და ისეთი იმედიანი თვალებით შემომხედა რომ თავი გაყიდვების ექსპერტი მეგონა.

,, რავი აბა, ადრე კი გამიყიდია ველოსიპედი, სეგას კომპიუტერი, მაგრამ ეს დაზღვევა რა არის და როგორ უნდა გავყიდო ეგ არც მე არ ვიცი, ალბათ ადგილზე გვასწავლიან“ – ვუთხარი და თან ჯიბეები მოვიჩხრიკე რომ სამარშუტო ტაქსის ფული მენახა თუ მქონდა. საშინლად არ მინდოდა რომ იგივე სიტუაციაში აღმოვჩენელიყავი, როგორც მაშინ, როდესაც ,,მარშუტკაში“ აღმოვაჩინე რომ ფული არ მქონდა და მარშუტკიდან მოვკურცხლე როგორც კი გააჩერა.

სახლში მამას ვახარე რომ მუშაობას ვიწყებდით ხვალიდან და მეც და ჩემი მეუღლეც.

,,რა პოზიციაზე აგიყვანეს?“ მკითხა მამაჩემმა ისე რომ არც კი შემოუხედავს. იმედგაცრუებული იყო. მთელი ბავშვობა იმას მეუბნებოდა რომ კარგი ექიმი უნდა გამოვსულიყავი და იმედი აშკარად გავუცრუე. მხოლოდ სამედიცინო კოლეჯი მქონდა დამთავრებული.

,, გამყიდვების აგენტის პოზიციაზე“ – ვუპასუხე ამაყად, ისე რომ ბოლომდე მეც არ მესმოდა რა უნდა მეკეთებინა.

,,მალადეც შენ, ამდენს იმიტომ ვწვალობდით, გასწავლიდი და გზრდიდით რომ გამყიდველი გამოსულიყავი, გამყიდველობა რა პროფესიაა?“ – ჩილაპარაკა მამაჩემმა და სხვა ოთახში გავიდა.

მეც და ჩემს მეუღლესაც გვეწყინა, მაგრამ მალევე ისევ ხასიათზე მოვედით რადგანაც ჩვენ უკვე ვმუშაობდით, პირველად ჩვენს ცხოვრებაში შეგვეძლო რომ ჩვენი გამომუშავებული ფული გვქონოდა.

ადრე დავწექით, ხვალე სამსახურის პირველი დღე უნდა გვქონოდა და შინაგანად მეც და ნინოც  ვნერვიულობდით.

,, ნიკუშა, ისე ეს გაყიდვების აგენტობა რა არის, რა უნდა ვაკეთოდ?“ – კიდევ ერთხელ მკითხა ნინომ და ისევ იმედიანი თვალებით შემომხედა, თან ცოტა შიშიც ეტყობოდა და აშკარად ჩემი პასუხის იმედად იყო.

,, რა უნდა იყოს ისეთი, ალბათ რაღაცეებს გავყიდით, ხალხს შევთავაზებთ და ეგ არის რა“ – ვუპასუხე იმის იმედად რომ კიდევ უფრო არ ჩამეკითხებოდა, რადგანაც სინამდვილეში წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეკეთებინა.

ჩემთვის ფიქრებში წავედი. ნეტა მართლა რა უნდა მეკეთებინა? რა უნდა გამეყიდა?

მამაჩემის სიტყვები ჩამესმოდა ყურში – ,,გამყიდველობა რა პროფესიაა! გამყიდველად გაგზარდე?“

თანაც ჩემი პირველი  ფიასკოც გამახსენდა გაყიდვებში. მე და ჩემმა ძმამ  ბავშვობაში იხვების გაყიდვა გადავწყვიტეთ, რადგანაც ჩვენი გაზრდილები  იყვნენ და დაკვლისათვის ვერ ვიმეტებდით. სოფლის ბაზარში გავიყვანეთ ორი იხვი და ვყიდდით. ყურადღება არავინ არ მოგვაქცია. ერთი ორმა კი მოიკითხა მაგრამ აშკარად რაღაც არ მოეწონა, დამაჯერებლობა გვაკლდა და ფასიც მაღალი გვედო. იმ დღეს სახლში ისევ ორი იხვით დავბრუნდით. აშკარად არ გამოგვივიდა გაყიდვა. მეზობელმა დამცინავად მოგვაძახა ,, ამ თბილისელ ბიჭებს გაყიდვისა და ვაჭრობის რა გესმითო“.

ამ ფიქრებიდან მეუღლის ხმამ გამომიყვანა.

,,ნიკუშა დავიძინოთ ეხლა, ხვალ ადრე ვართ წასასვლელები“  – მითხრა ნინომ და გულში ჩამიკრა.

,, ძილინებისა ნიკუშა“

,, ძილინებისა ნინ“ – ვუპასუხე მე, გულში  ჩავიკარი და შევეცადე რომ დამეძინა, ახალი დღის მოლოდინში.

ახალი ეტაპი იწყებოდა ორივეს ცხოვრებაში.

ხვალიდან ,,გაყიდვების აგენტები“ ვხდებოდით.

ისე მაინც რას ნიშნავს ,,გამყიდველობა“?

ავტორი: დავით ჩიკვაიძე