None

გელა გმირია?!

  • 11 ოქტ 2021

საშინლად წვიმს.  წვიმა ნელ-ნელა უფრო ძლიერდება. გელა შარშია. მისი ძველი ,,ტროიკის“ მხოლოდ ერთი ფარი ანათებს, მეორე ფარი წინა შაბათს დალეწა ძმაკაცის ქორწილში. საქარე მინის საწმენდიც ცუდად მუშაობს. ისე წვიმს რომ მხედველობა თითქმის არ არის. გელას იდეა მოსდის და მოკლე გზას ირჩევს. წვიმა უფრო უმატებს დაქუჩებში უკვე უზარმაზარი ნიაღვრები მოედინება. გელას მანქანას ძალიან უჭირს. ნელნელა მიდის, არ ჩერდება. ბოლოს მაინც ქვრება და აღარ იქოქება. წვიმამ ცოტა მოუკლო. გელა მანქანიდან გადმოდის.

გარეთ უკვე ხალხის ყვირილი ისმის. გელა დაბნეულია. არ იცის, რა ქნას.  ახალგაზრდა გოგონას ხმა ისმის, დახმარებას ითხოვს. მანქანაშია ჩარჩენილი ბავშვთან ერთად. გელა ვერ ხვდება რა ქნას თავს უშველოს თუ სხვას უშველოს. ბოლოს მაინც  მანქანისაკენ მიდის წელამდე წყალში. წყალი უფრო ძლიერდება და დიდდება, თანაც უკვე რაღაც საგნებსაც მოათრევს. გელას გოგონა და მისი პატარა შვილი გამოყავს მანქანიდან სამშვიდობოზე.

გელას კვლავ ესმის ხმა, ვიღაც დახმარებას სთხოვს. ტაქსის მძღოლია, მანქანის სახურავზე ამძვრალა და ხელებს ასავსავებს. გელა ინსტიქტურად მიდის დასახმარებლად. გელას უკვე აღარ ეშინია. თითქოს მას ვიღაც სხვა მართავს. გელა მძღოლსაც შველის. უკვე მაშველებიც მოვიდიან. ზოგს ბებო გამოყავს ზოგსაც ბავშვები. გელაც ეხმარება. გელა  შემთხვევით თავის კურსელს ხვდება. კურსელი მაშველად მუშაობს, მაგრამ იქ ყველა მაშველია.

გელა უცებ დარტყმას გრძნობს. გელა წყალს მიაქვს. დიდ წყალს, მაგრამ უმართლებს, სტიქიისაგან მოგლეჯილ მორს ეჭიდება ინსტიქტურად და ნაპირზე გამოდის. გელა სიკვდილს ჩახედავს თვალებში. ერთ წამში გაახსენდება თავისი მშობლები, სამსახური, კლიენტები რომელსაც მოატყუა და კლიენტები რომლებმაც მოატყუეს, თავისი ,,ბოსი“ და სხვა თანამშრომლები. ყველაფერი თვალწინ გაუვლის და ბოლოს აცნობიერებს რომ გადარჩა.

გელა თავს სწევს და თავის ძველ კურსელს ხედავს, მაშველს რომელსაც რამოდენიმე წუთის წინ შეხვდა. მაშველი წყალს მიაქვს. გელა ვეღარ შველის იმიტომ რომ გელას თვალწინ უკვე საშინელი სტიქიაა. ხეები და მანქანები მოაქვს.

გელა ვერ იჯერებს რაც ხდება. ხელისკანკალით სიგარეტს იღებს და მოწევა უნდა მაგრამ ვერ უკიდებს, სიგარეტი სველია. ,, ალბათ ეს არის ჯოჯოხეთი, სიგარეტი გაქვს მაგრამ ვერ ეწევი და თან  ყველაფერი წყალს მიაქვს“ – ფიქრობს გელა. გელას აქაიქ ხმები კიდევ ჩაესმის მაგრამ გარშემო ბნელა. შუქი ჩამქრალია. ელექტროგადამცემები ალბათ წყალმა დააზიანა. გაელვებისას ნათლად ჩანს რომ ადრე იქ სადაც გზა იყო ეხლა დიდი მდინარე მიედინება.

გელას ახსენდება რომ სახლში უნდა წავიდეს. დედა ალბათ ძალიან ნერვიულობს. განვადებით გამოტანილი ,,აიფონ ხუთიც“  სველია და ვერსად ვერ რეკავს.

გელა სახლში ბრუნდება, მთლიანად სველი და ლაფში ამოსვრილია. კარში დედა ხვდება და  ემოციებისაგან თავს ვერ იკავებს.  გელა შხაპს იღებს და ეგრევე საწოლისაკენ მიიწევს. საშინლად დაღლილია. ბოლომდე ვერ აცნობიერებს რა მოხდა.

იმ საღამოს გელა არცერთ ფოტოზე არ ხვდება. არ ტელევიზორში და ფეისბუქზე. გელა სულ რამოდენიმე კაცს ამახსოვრდება. ვისაც უშველა და ვისაც ვერ უშველა.

გელა საწოლში წვება და ეგრევე იძინებს, ჩასქროლვის თავი აღარ აქვს.

დღეს გელა ძალიან დაიღალა , დღეს გელა გმირია?!

ძილინებისა, გელა!

ავტორი: დავით ჩიკვაიძე