None

როგორ უნდა მოვიქცეთ მნიშვნელოვან პრეზენტაციამდე 15 წუთით ადრე?

  • 09 სექ 2021

ზუსტად 15 წუთში შენ მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გაქვს. უკვე გრძნობ, როგორ გიცივდება ხელები, გიჩქარდება გულისცემა და  გონებაში დაწყობილი აზრები ერთმანეთში გერევა.

პრეზენტატორთა უმეტესობა, მათ შორის, გამოცდილი მოსაუბრეებიც ერთხმად აღიარებენ, რომ სიტყვით გამოსვლამდე ნერვიულობის განცდა ბუნებრივი მოვლენაა.

ამერიკელი მსახიობის, ჯორჯ ჯესსელის თქმით, გონება მუშაობას იწყებს ჩვენი გაჩენის მომენტიდან და არასდროს ჩერდება მანამ, სანამ საზოგადოების წინაშე სასაუბროდ არ წარვსდგებით.

მნიშვნელობა არ აქვს პრეზენტაცია ჩვეულებრივ ოთახში რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით ტარდება თუ საკონფერენციო დარბაზში ათასობით მაყურებლის წინაშე, მოცემული 8 ხერხითშეძლებ, პრეზენტაციამდე დარჩენილი 15 წუთი ეფექტურად დააორგანიზო.

ესაუბრე საკუთარ თავს და წარმოიდგინე პრეზენტაციის პირველი წუთი

„დაარწმუნე შენი თავი საკუთარ წარმატებაში, სანამ სიტყვით წარსდგები“. - გვირჩევს წიგნის „Well Said! Presentations and Conversations That Get Results“ ავტორი დარლინ ფრაისი.

სპორტული ფსიქოლოგიის ექსპერტებმა დაამტკიცეს,  რომ თუ სპორტსმენი შეჯიბრის დაწყებამდე და შეჯიბრის დროს საკუთარ თავს პოზიტიურად ამხნევებს და ახასიათებს, მისი მოგების შანსი სტანდარტულ შემთხვევებთან შედარებით ბევრად უფრო იზრდება.

არ აქვს მნიშვნელობა, რის გამოყენებას ვაპირებთ საუბრისას - ჭკვიანური გამონათქვამის, პირადი ისტორიის, შოკისმომგვრელი სტატისტიკის თუ შთამბეჭდავი სიტყვების, მთავარი პრეზენტაციის განმავლობაში დამაჯერებელი საუბარია.

დარლინ ფრაისი იმასაც გვირჩევს, რომ პრეზენტაციამდე გამოსვლის პირველი წუთი წარმოვიდგინოთ  და წარმოსახვითი რეპეტიციაც გავიაროთ. ეს ხერხი საუბრის დაწყებისთანავე თავდაჯერებულობას გვმატებს, გვეხმარება მსმენებლებთან თვალის კონტაქტის დამყარებასა და მათი ყურადღების მიპყრობაში.

გაიცანი პუბლიკა და შეამოწმე საჭირო ტექნიკის გამართულობა

მნიშვნელოვანია, დამსწრე საზოგადოების მეგობრული დამოკიდებულება პრეზენტაციის დაწყებამდე მოვიპოვოთ - ვესაუბროთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რათა გავიგოთ მათი ინტერესები და პრობლემები. მიღებული ინფორმაცია დაგვეხმარება არა მხოლოდ პუბლიკის წინაშე საუბრის შიშის დაძლევაში, ასევე პრეზენტაციის აქტუალური თემებით გაფორმებაში.

გამოსვლის დაწყებამდე აუცილებელია საჭირო ტექნიკის შემოწმებაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ პრეზენტაცია დაბრკოლებების გარეშე ჩაივლის.

ისუნთქე ღრმად და გაიღიმე

დაძაბულობის მოხსნა შესაძლებელია ღრმად ჩასუნთქვის ტექნიკის მეშვეობით. შედეგად, ფილტვებსა და ტვინს მაქსიმალური ოდენობის ჟანგბადი მიეწოდება, ჩერდება ადრენალინის გამოყოფა და ორგანიზმი მშვიდდება.

საუბრის დაწყებამდე მნიშვნელოვანია სახეზე დადებითი და სასიამოვნო გამომეტყველება შევინარჩუნოთ. ღიმილი არამარტო ამშვიდებს ორგანიზმს, ასევე ტვინში ენდორფინს წარმოქმნის, პოზიტიურად განგვაწყობს, მიუთითებს პიროვნების თავდაჯერებულობაზე და პუბლიკას აჩვენებს, რომ მათ წინაშე საუბარი სიამოვნებას გვანიჭებს.

კონცენტრირდი დადებით ფიქრებსა და გამოსახულებებზე

გონებასა და ორგანიზმს შორის კავშირების შესწავლა გვეხმარება, საკუთარი ფიქრებით დადებითი გავლენა ვიქონიოთ და ვაკონტროლოთ სხეულის ფიზიკური რეაქციები. შესაბამისად, სტრესის შემცირება შესაძლებელია დადებითი აზრებისა და გამოსახულებების წარმოდგენით.

თუ შევძლებთ და ვაკონტროლებთ საკუთარ უარყოფით ფიქრებს,  დავივიწყებთ ნერვიულობას და მარცხის შიშს ჩავანაცვლებთ ისეთი დამოკიდებულებით, როგორიც არის „მე ვარ ექსპერტი“, „მე ვარ საინტერესო მოსაუბრე“ ან „მე ვარ დამაჯერებელი პრეზენტატორი“, ყველაფერი იმაზე გაცილებით უკეთესად ჩაივლის, ვიდრე ეს წარმოსახვითი პრეზენტაციის დროს წარმოვიდგინეთ.

დალიე თბილი ან ოთახის ტემპერატურის წყალი (სასურველია ლიმონით)

თბილი ან ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა აქრობს პირის სიმშრალის შეგრძნებას და ასუფთავებს ყელს.

სპეციალისტები იმასაც გვირჩევენ, რომ პრეზენტაციის დაწყებამდე მოვერიდოთ:  ცივ საკვებს, რძის პროდუქტებსა და გაზიან სასმელებს.

გამოსვლამდე 5 წუთით ადრე დაიკავე მდგომარე პოზიცია ან ივარჯიშე მსუბუქად

სპეციალისტების აზრით, მჯდომარე პოზიციას სხეული და გონება პასიურ, არააქტიურ პოზიციაში გადაჰყავს. ფეხზე ადგომით კი - შესაძლებელია ენერგიის მოკრებვა და კონცენტრირება.

კარგი იქნება, თუ გამოსვლამდე ვიპოვით მშვიდ ადგილს და გავაკეთებთ მსუბუქ სავარჯიშო მოძრაობებს ან გავისეირნებთ უახლოეს დარბაზში. ამ მოქმედებებით დავხარჯავთ ზედმეტ ენერგიას და ამავდროულად, ტვინს ჟანგბადის დამატებითი  რაოდენობის მიწოდებაში შევუწყობთ ხელს.

სამი ჭეშმარიტება დამსწრე საზოგადოების შესახებ

საუბრის დაწყებამდე შეახსენე საკუთარ თავს:

  • დამსწრე საზოგადოებას სჯერა, რომ ექსპერტი ხარ. მაყურებლები  საპრეზენტაციო თემის აღიარებულ პროფესიონალად აღგიქვამენ და წარსადგენ თემასთან დაკავშირებით მათზე მეტ ინფორმაციას ფლობ.
  • მაყურებლებს სურთ, რომ შენმა პრეზენტაციამ კარგად ჩაიაროს, რადგან სწორედ ისინი არიან შენი მთავარი მხარდამჭერები. ისინი მოელიან, რომ შენი გამოსვლით ღონისძიება უფრო საინტერესო, ინფორმატიული და დასამახსოვრებელი გახდება, რადგან „ არავის არ სურს თავისი დროის ფუჭად დაკარგვა“, ამბობს ფრაისი.
  • დამსწრეებმა არ იციან თუ რაზე უნდა ისაუბრო, ამიტომ მიუხედავად საუბრისას დაშვებული შეცდომისა, არ შეაჩერო პრეზენტაცია და გააგრძელე  გამოსვლა ჩვეულ რიტმში - საზოგადოება მაინც ვერ შეამჩნევს მას.

ინფორმაცია, როგორც საჩუქარი

ყველა ადამიანში გარკვეული დოზით ალტრუისტი ცხოვრობს. ყოველთვის, როცა მეგობარს დაბადების დღის საჩუქარს გადასცემ, შენ სიხარულის შეგრძნება გეუფლება.

იფიქრე პრეზენტაციაზე, როგორც დამსწრე საზოგადოებისთვის განკუთვნილ საჩუქარზე. გახსოვდეს, რომ ის საჭირო ინფორმაციით და მნიშვნელოვანი შინაარსით სავსე ლამაზი ყუთია. შენი ქვეცნობიერის დამოკიდებულება საჩუქრების მიმართ კი - გაგაძლიერებს, გაგათავისუფლებს და მუდმივად შეგახსენებს, რომ არსებობს დახმარების საჭიროება, რომელსაც აუდიტორია შენგან ელის.

წყარო: Business Insider

თარგმნა სალომე სილაგაძემ