კ. ჩალაძის 13
+995 511 74 44 17
ჩვენ ხშირად გვგონია, რომ დრო გარედან გვაკლდება - გარემოებები, ადამიანები, საქმეები. რეალურად კი, ყველაზე ხშირად დროს ჩვენი საკუთარი ტვინი გვპარავს. არა იმიტომ, რომ გვაზიანებს, არამედ იმიტომ, რომ გვიცავს.
ტვინის მთავარი ფუნქცია უსაფრთხოებაა. ის მუდმივად ცდილობს საფრთხის თავიდან არიდებას და სწორედ ამიტომ, როდესაც ახალი ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, ავტომატურად ერთვება დამცველობითი მექანიზმი.
ხშირად გადაწყვეტილება ემოციის დონეზე ჩნდება - „მოდი, ახლა ეს გავაკეთო“. თუმცა ამავე წამს ტვინი იწყებს ეჭვების დათესვას, კითხვების დასმას და შესაძლო ცუდი სცენარების წარმოდგენას. ის ცდილობს აგვაცილოს სიახლით გამოწვეული დისკომფორტი, რადგან ახალი მისთვის უცნობი და შესაბამისად პოტენციური საფრთხეა.
ამ დროს ტვინი იშვიათად გვახსენებს ჩვენს წარმატებებს. უფრო ხშირად გვაბრუნებს წარსულ შეცდომებთან, წარუმატებელ გამოცდილებებთან, შიშთან და სირცხვილთან. შედეგად, ვჩერდებით, ვკარგავთ მოქმედების სურვილს და საბოლოოდ - დროსაც.
მაგალითად, თუ მოლაპარაკება ჩაიშალა, ეფექტური ნაბიჯი იქნებოდა მიზეზის გარკვევა. თუმცა ტვინი გვთავაზობს სხვა გზას - თავი ავარიდოთ სიტუაციას, რათა არ განვიცადოთ უარყოფა ან უხერხულობა. ამ მომენტში მოქმედებაზე უარის თქმით, ტვინი იმარჯვებს.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს: სიახლეების შიში არ ნიშნავს სისუსტეს. ეს უბრალოდ ტვინის ბუნებრივი ფუნქციაა. მაგრამ თუ გადაწყვეტილებებს ძალიან ნელა ვიღებთ, ღირს დავფიქრდეთ - ხომ არ ვპარავთ დროს საკუთარ თავს?
გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღება. არა დაუფიქრებლად, არამედ საკმარისად სწრაფად, რომ პირველმა ნაბიჯმა უკან დასახევი გზა ნაწილობრივ მაინც გადაგვიჭრას და მოძრაობისკენ გვიბიძგოს.
თუ ახლა გაქვს იდეა, სურვილი ან ფიქრი - გადადგი ერთი პატარა ნაბიჯი ახლავე. სანამ შენი ტვინი ბოლომდე ჩართავს დამცველობით რეჟიმს და ისევ უსაფრთხო, მაგრამ უძრავ მდგომარეობაში დაგაბრუნებს.